დევნილმა ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის სწორი სტრატეგიით დევნილთა სამინისტროს დავები მოუგო
ჩვეულებრივ, დევნილების საქმეებზე ხელს არ ვკიდებთ.ეს საქმე თავიდანვე რთულად მოსაგები ჩანდა, თუმცა დევნილმა სწორად ჩვენს მიერ სწორედ შერჩეული სტრატეგიით პროცესი დამოუკიდებლად წარმატებით წარმართა და გამარჯვება მოიპოვა როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში.შედეგად, დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს.
ეს საქმე ჩემთვის განსაკუთრებული იყო. როცა დავიწყე მუშაობა, სარჩელი შევადგინე და მტკიცებულებებს დეტალურად გავეცანი. თავიდანვე ჩანდა, რომ საქმე თითქმის წასაგები იყო, ამიტომ სტრატეგიული ტაქტიკა შევარჩიე.
დევნილს პირადად დავეხმარე მისი ისტორიის ფორმულირებაში — საკუთარი ხელით დავაწერინე როგორ გადაიტანა ომის.
მამა როგორ დაეღუპა როგორ ჩაგრავდნენ . თავად ქუთაისში, საერთო საცხოვრებელში შეასახლეს. გზაში დევნილობისას მრავალი საშინელება გამოიარა. საერთო საცხოვრებელში კი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა — პატარა შვილთან ერთად.
ისტორია იმდენად სენსიტიური და მტკივნეული იყო — ნათლად აჩვენებდა, რა საშინელებაა ომი და როგორ ანადგურებს ადამიანებს — რომ ნებისმიერ მოსამართლეზე ძლიერი გავლენა ექნებოდა.
მეც სწორედ ეს ტაქტიკა ავარჩიე
მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან წავედი, საქმეს თავად გაუძრვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში და ორივე პროცესი მოიგო. კასაციაში კონსულტაციისთვის დამირეკა. როცა საქმის შედეგი ვნახე, უზომოდ გამიხარდა.
თუ რომელიმე მედიას დააინტერესებს, დამატებით მასალებსაც მოგაწვდით.
ემიგრაციაში უკვე ერთი წელია ვარ და ახლა უფრო მეტი დრო მაქვს, გავიხსენო და დავალაგო ჩემი პროფესიული გამოცდილება.
ვებ გევრდზე გადასვლით ნახავთ მის პირად ისტორიას
დევნილის პირადი ისტორია
მე, ნ.ყ., დავიბადე 1977 წლის 22 იანვარს აფხაზეთში, ქ. სოხუმში. ჩემი იურიდიული საცხოვრებელი მისამართი იყო: ქ. სოხუმი, ტიმირიაზევის I ჩიხი, სახლი №4. ვსწავლობდი ქ. სოხუმის კომაროვის სახელობის საშუალო სკოლა №19-ში. და-ძმა არ მყავს — ვარ დედისერთა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი ვარ 1993 წლის 27 აგვისტოდან. დევნილობის პირველ წელს მე და დედა ვცხოვრობდით ქ. ზუგდიდში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, რადგან ზუგდიდი აფხაზეთის საზღვართან ახლოს იყო. მამა 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა სეპარატისტების მიერ დაპყრობილ აფხაზეთში, რადგან სოხუმი საკუთარი ნებით არ დაუტოვებია.
აფხაზეთის დაკარგვიდან 6 თვის შემდეგ მამამ იძულებით დატოვა სოხუმი და აფხაზეთის საზღვარი გადმოლახა. იგი ძალზედ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში იყო, რადგან 6 თვის განმავლობაში აფხაზეთში დევნაში იმყოფებოდა — საკვების, საცხოვრებლისა და უსაფრთხოების გარეშე. ფაქტობრივად ბედის ანაბარა იყო დარჩენილი, იმალებოდა ტყეში და არ იცოდა, გადარჩებოდა თუ არა ცოცხალი.
ზუგდიდში გადმოსვლის შემდეგ თვეების განმავლობაში შეძლებისდაგვარად ვმკურნალობდით მამას, თუმცა მისი ჯანმრთელობა სრულად შეირყა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.
ზუგდიდში ვცხოვრობდით აუტანელ პირობებში: არ გვქონდა წყალი — წყალს სხვა ეზოდან ვიღებდით; არ გვქონდა აბაზანა; ვცხოვრობდით ძალზედ პატარა ოთახში, დაახლოებით 8 კვ. მეტრში. არ გვქონდა საწოლი, თეთრეული და ჭურჭელი. წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი სკოლა დამემთავრებინა და გარკვეული პერიოდი ზუგდიდის სკოლაში დავდიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც სამეგრელოში სამხედრო ძალები შევიდნენ, ქუჩებში გადაადგილება და ზოგადად ზუგდიდში ცხოვრება ძალზედ სახიფათო გახდა. ოჯახმა საბოლოოდ გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა სამეგრელო და საცხოვრებლად იმერეთში გადავსულიყავით, თუმცა იმ მომენტისთვის იმერეთში საცხოვრებელი არ გვქონდა.
ქუთაისში გადმოსვლა გადავწყვიტეთ იქიდან გამომდინარე, რომ სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი დევნილობის პერიოდში ქუთაისში გადმოვიდა და იქ დაკომპლექტდა. მამას ჰქონდა იმედი, რომ მისი ძველი სამსახური საცხოვრებელი ფართის მოძიებაში დაგვეხმარებოდა, თუმცა ამაოდ. როგორც მაშინ გვეუბნებოდნენ, ყველა ადგილი დაკავებული იყო და ვერსად გვთავაზობდნენ თუნდაც ისეთ ფართს, როგორშიც ზუგდიდში ვცხოვრობდით.
თვეების განმავლობაში მამა დღისით ინსტიტუტში მუშაობდა, ღამით კი მერხებზე ეძინა. მე და დედა ვცხოვრობდით ქუთაისში, საფიჩხიის უბანში, მიტოვებული სახლის თითქმის სარდაფში, სადაც წვიმის დროს მიწიანი კედლებიდან წყალი ჩამოდიოდა. აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა მღვდელს, რომელიც წლების წინ საზღვარგარეთ წავიდა, ხოლო სახლს მისი და დაპატრონებოდა. მას ძალიან შევეცოდეთ და დროებით შეგვიშვა ქვედა სართულის პატარა ოთახში. მეორე სართულზეც დევნილები ცხოვრობდნენ, რომლებიც ჩვენზე ადრე იყვნენ შესულები. ზაფხულის თვეები იყო და კარგად გვესმოდა, რომ ზამთარში იმ ოთახში გაჩერება შეუძლებელი იქნებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეპატრონემ ყველანაირად მიგვახვედრა, რომ სხვისი საკუთრება უნდა დაგვეტოვებინა.
რამდენიმე თვის შემდეგ ერთ-ერთმა ახლობელმა, დედაჩემის შორეულმა ნათესავმა, ჩვენი დიდი თხოვნით დროებით მიგვიღო მე და დედა თავის სახლში და დახმარების ხელი გამოგვიწოდა. თუმცა მამა, რომ აღნიშნული ოჯახი არ შეეწუხებინა, ჩვენთან არ შემოვიდა და ღამეს ისევ ხან სად ათენებდა, ხან სად. რამდენიმე თვე ასე ვიცხოვრეთ.
ამ პერიოდში, სწავლის დიდი სურვილითა და მონდომებით, ჩავირიცხე სოხუმის სახელმწიფო სუბტროპიკულ ინსტიტუტში, ინჟინერ-ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე — 1994 წელს.
ვიცოდით, რომ აღნიშნულ ოჯახში მარად ვერ ვიცხოვრებდით, მუდმივად სხვებს ვერ შევაწუხებდით, თან მამა ცალკე იყო და ძალიან რთულ ვითარებაში უწევდა ცხოვრება. ამიტომ მუდმივად ვეძებდით საცხოვრებელ ფართს. პირობებზე და ფართის სიდიდეზე აღარ ვფიქრობდით — მხოლოდ ის გვინდოდა, ერთად ვყოფილიყავით და არავინ შეგვეწუხებინა.
ამასობაში კეთილი ადამიანების ჩარევით გამოჩნდა ფართი ქუთაისში, საღორიაზე, ახალგაზრდობის 100ა-ში, რომელიც ყოფილი აბრეშუმკომბინატის ქალთა საერთო საცხოვრებელი იყო. ამჟამადაც ამ ფართში ვცხოვრობთ. იმ გაჭირვებულ პერიოდში აღნიშნულ საერთო საცხოვრებელში შესახლებული იყვნენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ბინის გარეშე დარჩა, ისე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები.
როდესაც აღნიშნულ საერთო საცხოვრებელში მივედით, ყველა ფართი უკვე გადანაწილებული იყო. შეგვიშვეს მე-5 სართულზე ერთ ოთახში, რომლის ჭერიდანაც წვიმა ჩამოდიოდა, ხოლო ქარის დროს სახურავის ნაგლეჯებს სხვა ბინების ეზოებში ვაგროვებდით. კორპუსი იყო კორიდორული სისტემის; არ იყო წყალი — მე-5 სართულზე წყალს ვედროებით ავიტანეთ სხვადასხვა ეზოებიდან; იყო საერთო საპირფარეშო და საერთო სამზარეულო.
ადგილობრივი მოსახლეობა დადებითად არ შეგვხვედრია, რადგან კორპუსში მიმდინარეობდა ბრძოლა ყოველ ოთახსა და ფართის ყოველ მეტრზე.
ჩვენს გარდა თითქმის ყველას დაკავებული ჰქონდა ერთზე მეტი ოთახი და შესაბამისად, მეტი გასანძრევი ფართი ჰქონდათ. საერთო საპირფარეშოსა და სამზარეულოშიც ფართები უკვე დანაწილებული ჰქონდათ. ჩვენი ერთი ოთახი ჩვენთვის გადაიქცა ყველაფრის ოთახად, რადგან სხვის „ტერიტორიაზე“ შესვლა იწვევდა ჩხუბს და მეზობლების აგრესიას.
მამა სანამ ცოცხალი იყო, ვერავინ ბედავდა ჩვენი ოჯახის დაჩაგვრას, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
როგორც აღვნიშნე, ძალზედ რთულ პირობებში მოგვიწია ცხოვრება. ზაფხულში ოთახში სასუნთქი ჰაერი არ იყო, რადგან მზე სახურავს აჭერდა და ოთახს ისე ახურებდა, რომ იქ ყოფნა აუტანელი ხდებოდა. ზამთარში კი ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა და ძილის დროს ცელოფანს ვიხურავდით, რომ როგორმე დილამდე გაგვეძლო.
აღნიშნულმა პირობებმა ძალიან იმოქმედა ჩემი მშობლების ჯანმრთელობაზე. დედა საკვების არქონისა და ძველი პურის გამო ისე მოიწამლა, რომ ძლივს გადავარჩინეთ. ფაქტობრივად, ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. სიცხესა და სიცივეში მე-5 სართულზე ვათრევდით წყალს, რის გამოც ხერხემლისა და წელის პრობლემები შეგვექმნა. ამ ყველაფერს ემატებოდა უარყოფითი გარემო და ამ მდგომარეობის გამო მამას ნერვული კრიზისი დაემართა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვმკურნალობდით.
მიუხედავად ყველაფრისა, ვაგრძელებდით ცხოვრებას და გადარჩენისთვის ბრძოლას.
1995 წელს დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი სამსახური იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში, თუმცა ხელფასი ძალზედ მცირე მქონდა. პირველი ხელფასი ავიღე 14 ლარი, მანამდე კი თითქმის 2 წელი უხელფასოდ ვმუშაობდი.
ასე გრძელდებოდა წლები. ვცდილობდი მესწავლა, რათა შემოსავალი გამეზარდა, თუმცა ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ვერ ვახერხებდი.
შემდეგ დავოჯახდი და შემეძინა ვაჟიშვილი — ნიკოლოზი გორეზიანი, 2010 წლის 14 მარტს. თუმცა პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა და 4 წლის შემდეგ მეუღლეს დავშორდი. დავრჩი პატარა ბავშვით და თანაცხოვრების პერიოდში აღებული სესხებით. ძალიან გამიჭირდა და ისევ დავბრუნდი დედასთან და მამასთან.
ამ პერიოდისთვის მამა ჯანმრთელობის კუთხით უკვე ძალზედ მძიმე მდგომარეობაში იყო. ფილტვები ჰქონდა განადგურებული, დაუსვეს ტუბერკულოზის დიაგნოზი. სავარაუდოდ, მეზობელი ოჯახიდან გადაედო, თან ორგანიზმი ძალიან დასუსტებული და დაუძლურებული ჰქონდა, ცუდად იკვებებოდა.
მამას ორჯერ ჩავუტარეთ მკურნალობა ქუთაისის ტუბდისპანსერში, მაგრამ სრულად ვერ განიკურნა. თანდათან მოძრაობაც გაუჭირდა და საბოლოოდ, განადგურებული ფილტვებით ლოგინად ჩავარდა. ამას დაემატა ინსულტი.
იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, იძულებული გავხდი ოჯახი დამეტოვებინა და მუშაობა თბილისში დამეწყო. ბავშვი დარჩა დედასთან და მამასთან. დედა უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ მამას და ჩემს პატარა ნიკოლოზს. ყოველ შაბათ-კვირას ქუთაისში ჩავდიოდი, თუმცა ფაქტობრივად ნიკოლოზი დედაჩემმა გაზარდა ქუთაისში, იმ საშინელ პირობებში.
5 წლის განმავლობაში მამა ლოგინად იყო ჩავარდნილი, ბოლო 1 წელი კი სრულად პარალიზებული. ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო — თითქმის ყოველ ღამე 2-3-ჯერ ვიძახებდით სასწრაფოს, რადგან არანაირი გამაყუჩებელი ტკივილს არ უყუჩებდა. ასეთ მძიმე ავადმყოფ ადამიანთან ერთ ოთახში გაიზარდა ჩემი შვილი ნიკოლოზი. ღამით მოსული ექიმები გაოგნებულები იყვნენ, როდესაც ხედავდნენ ასეთ მძიმე ავადმყოფს, ასეთ პირობებს და იქვე მძინარე პატარა ბავშვს. დედა სულსა და გულს არ აკლებდა ოჯახს, თუმცა ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა.
ბავშვი უკვე ვეღარ ჩერდებოდა. ბაბუა მძიმე მდგომარეობაში იყო, მამა არ ნახულობდა, მე მუდმივად გადარბენებზე ვიყავი, რომ ლუკმა-პურის ფული მეშოვა და ვალები გადამეხადა. პირობები საშინელი იყო, ამას ემატებოდა მეზობლების მძიმე დამოკიდებულება.
მეზობლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ შეწუხებულები იყვნენ მამაჩემის წუხილითა და სასწრაფოს ხშირი მოსვლით. მთელ აგრესიასა და უარყოფით დამოკიდებულებას დედასა და ბავშვზე ანთხევდნენ.
იყო შემთხვევა, როდესაც მე თბილისში ვიყავი და დედა ავადმყოფ მამას მარტო ვერ ტოვებდა. ბავშვი მარტო წავიდა წყლის ასაღებად — იმ დროისთვის წყალი უკვე ამოყვანილი იყო მე-5 სართულზე საერთო მოხმარებისთვის. ამან გამოიწვია ისედაც გაღიზიანებული მეზობლის გაუგებარი აგრესია. დედა შეეპასუხა და კამათის დროს აღნიშნული პიროვნება ნიკოლოზს, პატარა ბავშვს, ხელით შეეხო — ხელი კრა და ბავშვი ელექტრო ღუმელზე დაეცა. დედამ გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიციელი აღმოჩნდა იმ პიროვნების ნაცნობი და უთხრა, არაფერი მომხდარა, მორიგდითო. როდესაც ბავშვი ვნახე, მარჯვენა გვერდსა და ხელზე საკმაოდ დიდი ჩალურჯებები ჰქონდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაქცევების გასაწოვ მალამოებს ვუსვამდით.
შეიძლება მკითხოთ, რატომ აღარ მივმართე პოლიციას. ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე, როდესაც ქუთაისში ჩავედი. ძალიან გვიჭირდა, დრო ფაქტობრივად არ მრჩებოდა, თან მეზობლები ამბობდნენ, რომ ნანობდა, თვითონაც ბავშვები ჰყავდა გამოსაკვები და ძალიან უჭირდა. ამიტომ არ გავიმეტე. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ შევცდი და აუცილებლად უნდა მიმემართა სამართალდამცავებისთვის.
დაუსჯელობის განცდამ იქაურ ხალხში აგრესია კიდევ უფრო გააძლიერა. ისინი უფრო და უფრო გვავიწროებდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მე ადგილზე არ ვიყავი. უფრო მეტად დედასა და ჩემს შვილზე ახდენდნენ ზეწოლას. ეს ყველაფერი განსაკუთრებით გამძაფრდა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ. მიზანი იყო, რომ ჩვენ იძულებული გავმხდარიყავით დაგვეტოვებინა ის ერთი საშინელი ოთახი, რათა სხვას მიეთვისებინა.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 2015 წელს, ბავშვი ფაქტობრივად ვეღარ ჩერდებოდა აღნიშნულ ფართში მაქსიმუმ ერთ კვირაზე მეტად. ნერვიულობის ფონზე ეწყებოდა კუჭის სისუსტე და ავად ხდებოდა. ასევე დაეწყო ალერგია მტვერზე და ნებისმიერ ძველ ნივთზე. დღემდე ვერ კითხულობს ძველ წიგნებს და ფიზკულტურაზეც ფაქტობრივად ამ მიზეზით ვერ დადის, რადგან მტვრიან ადგილებში ძალიან უჭირს.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ძალიან ცუდ პირობებში, ნაქირავებში ვცხოვრობდი და თანხის ეკონომიას ვცდილობდი, იძულებული გავხდი ბავშვი ჩემთან წამომეყვანა და სკოლაშიც თბილისში შემეყვანა. თუმცა ძალიან ხშირად, განსაკუთრებით არდადეგებზე, ქუთაისში ჩავდივართ, რადგან დედაჩემი მუდმივად იქ ცხოვრობს და თბილისში მხოლოდ მაშინ ჩამოდის, როდესაც მისი დახმარება მჭირდება ან ექიმთან სამკურნალოდ ჩამოდის.
დედამაც ამ პერიოდში, განსაკუთრებით მამის გარდაცვალების შემდეგ, დიდი ტრავმები გადაიტანა. იგი ძალზედ დაუძლურებული იყო წლების განმავლობაში მძიმე ავადმყოფის მოვლის შემდეგ. ფაქტობრივად ღამეები არ ეძინა, რადგან მამას ბოლო ერთი წელი საძილე არტერიის პარალიზება დაემართა და ღამით საერთოდ არ ეძინა, რის გამოც დედაც იძულებული იყო არ დაეძინა. ამის ფონზე მისი ორგანიზმი ძალიან დასუსტდა, გული წაუვიდა და ბეტონზე დაეცა. შედეგად თავი დაარტყა, მარჯვენა ხელის ძვალი სრულად დაეფშვნა, მენჯი და ნეკნი გაუტყდა. ჩაუტარდა 2 ოპერაცია და რამდენიმე თვე სრულიად გაუნძრევლად იწვა. არავის ეგონა, რომ სიარულსა და მოძრაობას შეძლებდა. რეაბილიტაციას რამდენიმე წელი დასჭირდა. მარჯვენა ხელი დღემდე უმოქმედო აქვს, სიარული და დატვირთვა უჭირს, სიცივეში მენჯის ტკივილები ეწყება.
აღნიშნულმა მდგომარეობამ ბავშვზეც ძალიან იმოქმედა. მას გაუჩნდა შიში ჩემ გარეშე დარჩენის. ამასობაში უკვე წამოიზარდა და ძალიან უჭირდა და დღემდე უჭირს აღნიშნულ ფართში ცხოვრება, სადაც არ არის აბაზანა, საპირფარეშოში ღამით სიბნელეა და სანთლით გვიწევს შესვლა. უმრავლესობა დევნილები საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილეს, ადგილობრივი მეზობლები კი ახალ ფართებს დაეპატრონენ, ჩვენ კი კიდევ უფრო შევვიწროვდით.
ბავშვის თბილისში ყოფნა განაპირობა იმანაც, რომ ქუთაისში არსებული გაუსაძლისი პირობებისა და მძიმე გარემოს გამო მას ჯანმრთელობა შეერყა. უცნობი მიზეზით გაუსკდა ბრმანაწლავი. იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჩაუტარდა 2 ოპერაცია. თვეების განმავლობაში რეანიმაციაში ვიყავით. 2 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, ხოლო შემდეგ რამდენიმე წელი გაგრძელდა რეაბილიტაცია. ქუთაისის პირობებში ამ რეაბილიტაციის გავლა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ბავშვს სჭირდებოდა ახლოს საპირფარეშო, აბაზანა, სუფთა და ჯანსაღი გარემო, მშვიდი მდგომარეობა და ნერვიულობისგან დაცვა. ასევე საჭირო იყო ანალიზები და მკურნალი ექიმის კონსულტაციები. აღნიშნული პირობები კი ქუთაისის საცხოვრებელში არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს.
როდესაც ქუთაისის იმ საშინელ ოთახში შევდივართ, ბავშვს ეწყება ალერგია — თვალები უწითლდება, ეწყება ცემინება და ცრემლდენა. იძულებული ვარ ალერგიის საწინააღმდეგო აბები დავალევინო, რაც მისი იმუნიტეტისთვის რეკომენდირებული არ არის. ამდენი ანტიბიოტიკისა და რენტგენული დასხივების შემდეგ ბავშვისთვის აუცილებელია სუფთა გარემო, ნორმალური საძინებელი, საპირფარეშო, აბაზანა, მშვიდი სივრცე სამეცადინოდ — მით უფრო, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ბავშვი ძალიან კარგად სწავლობს და 10-ოსანია — ასევე სუფთა ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი. აღნიშნულ საცხოვრებელ ფართში ამ პირობების დაცვა შეუძლებელია.
გამოქვეყნდა: 2026-05-09 00:00:00