ადვოკატთა ასოციაციას უმოქმედობაში, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს.
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი „პირველთან“ საუბარში ირწმუნება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც მათ არ ემორჩილებიან.
ლაშა ჯანიბეგაშვილი ასოციაციაში ე.წ. კლანურ მმართველობაზეც მიუთითებს.
ამასთან, ჯანიბეგაშვილი საკუთარ თავთან დაკავშირებით, ერთი კონკრეტული ფაქტის შესახებ გვიყვება, სადაც, როგორც თავად განმარტავს, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრების პირადი სუბიექტური დამოკიდებულება იკვეთება:
„ადამიანებმა, რომლებიც ათეულობით წლები ვერ აგვარებდნენ ბინაზე პრობლემას, ჩემი ადვოკატად აყვანიდან, ჩემ მიერ საქმის გაცნობის, დამუშავების, შესაბამისი დოკუმენტების გამზადების, საჯარო რეესტრში გაყოლით და სწორი ზეპირი და სატელეფონო კონსულტაციებით, უმოკლეს დროში სასამართლოს გარეშე ურთიერთშეთანხმებით მოაგვარეს დავა. ამაში ჩემმა ავტორიტეტმაც იმოქმედა, დავის უმოკლეს დროში სასამართლოს გარეშე მოგვარება ადვოკატის მაღალ კლასზე მეტყველებს.
ეს ადამიანები, მადლობის ნაცვლად, მომდევნო დღეს მომვარდნენ ოფისში და შანტაჟით და მუქარით ჩემთვის გადახდილი ჰონორარის გამოძალვა სცადეს. საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, სავარაუდოდ, მომპარეს, თავიანთი კი დამალეს. პოლიციას ჯერ ეუბნებოდნენ ხელშეკრულება არასდროს არ გვქონდა დადებულიო ხოლო მას შემდეგ შეცვალეს პოზიცია, რაც ვუთხარი კამერის ჩანაწერებს ამოვიღებდი და მიაბრძანებდენ შესაბამის განყოფილებაში. მხოლოდ ამის შემდეგ აღიარეს, რომ ხელშეკრულება იყო, ეს აღიარება პატრულის ვიდეოჩანაწერში ჩანს.
ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერის ნახვა ნებისმიერ ობიექტურ პირს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების შესაძლო ქურდობაზე. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ამ ადამიანებმა სასამართლოში იჩივლეს, სადაც მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. მოსამართლემ აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში ორგან, რომ ადვოკატმა თავისი მომსახურება გასწია ჯეროვნად და კეთილსინდისიერად,ზემოაღნიშნული საქმის მასალები, სასამართლოს გადაწყვეტილებაც და მომხდარზე რომ პროკურატურაშია სისხლის სამართლის საქმე აღძრული, შეტანილ იქნა ასოციაციაში, საქმეში ედოთ ეს მასალები.
მაგრამ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ ადვოკატს დისციპლინალური საქმე ისე აღუძრა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ადვოკატის სასარგებლოდ მეტყველებდა, შეგნებულად აუარა გვერდი, ასევე განზრახ დაამახინჯა ადვოკატის და მისი მოწმის ჩვენებები, ასევე არ გაითვალისწინა რომ ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ხელშეკრულების ქურდობის თაობაზედ.
ასევე არ გაითვალისწინა ეთიკაში მომჩივარი პიროვნების და მისი მოწმეების არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, რომელმაც მოწმედ გარეშე პირი მოიყვანა, ის პირი, ვინც სასამართლოში მისი ადვოკატი იყო. ეთიკის კომისია არანაირად არ სცდილობს, მომჩივრის და მისი მოწმეების ჩვენების რელევანტურობა გადაამოწმოს, რაც არღვევს ჩემს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
ეს არის აშკარა პირდაპირი და ნათელი მაგალითი, რაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, ვინაიდან ჩემ საქმეს მოქმედი ადვოკატი განიხილავს, რომელსაც ჩემი დასაბუთებული ვარაუდით პირადი ინტერესები ამოძრავებს. ამის პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებაა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც იერარქიულად ყველაზე მაღლა დგას, არ აქ აღნიშნული თავის გადაწყვეტილებაში. შესაბამისად ვითხოვ გამოძიების დაწყებას შესაბამის ორგანოებს“, – უთხრა „პირველს“ ლაშა ჯანიბეგაშვილმა.
ჯანიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ ეთიკის კომისიის წევრების პირადი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, ადვოკატთა ასოციაცია საკუთარი წევრის დისკრედიტაციას ახდენს:
„ამ ორგანოში არის კლანური მმართველობა, აწარმოებენ შერჩევით სამართალს (თუ კი ამას შეიძლება საერთოდ სამართალი ეწოდოს). ასოციაციასთან და კომისიასთან ,,დაახლოებული ადვოკატების“, ასევე თავად კომისიის წევრების წინაღმდეგ არ ხდება საქმის აღძვრა, არიან მიკერძოებულები. ერთი და იგივე საქმეზე როცა არის პრეცედენტები, მაინც ხდება ადვოკატის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, რასაც არ კადრულობს პროკურატურა და მოსამართლეები, ისინი კი კადრულობენ.
ახდენენ რა საკუთარი წევრის დისკრედიტაციას ეთიკის კომისიის წევრების პირადი სუბიექტური დამოკიდებულების გამო, რომლებიც აბსოლუტურად არ კონტროლდება, რითაც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში ხელი გვეშლება, რის შედეგადაც სამართლიანი მართლმსაჯულების ნაცვლად, სამარცხვინო მართლმსაჯულებას ვიღებთ. ყოველივე ეს ბადებს უსამართლობის მწვავე განცდას და იწვევს სამართლიან მწვავე კრიტიკას იმ ორგანოს მიმართ, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ჰქვია. ეთიკის კომისიის წევრების ქმედება არანაირ კრიტიკას არ უძლებს. საკუთარი ჯგუფი მაქვს 90 000 ადამიანია გაწევრიანებული, ოფიციალურ საიტზე მაქვს დადებული ინფორმაცია, ყველა ნაწარმოები საქმე რაც კი დასრულდა ამ წელს, წარმატებით მქონდა დასრულებული და ამაზე ხალხს პრეტენზიაც არ აქვს.
აი ამის გამო აქვთ ეთიკის წევრებს ჩემ მიმართ პირადი სუბიექტური დამოკიდებულება – უარყოფითი, ისინი ვერ იტანენ მათზე წარმატებულ ადვოკატს “, – აცხადებს ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი.„პირველმა“ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიასთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ოფისის ნომერზე სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
წყარო https://pia.ge/post/243697-advokatta-asociacias-sakutari-wevrebis-devnasi-adanasauleben?fbclid=IwAR1iOcRfYs8D3AOLfgGez0EdkziX3AFeYDr4SBzrDUAZceCBJ_qdnHSGge4
გამოქვეყნდა: 2019-01-24 18:51:09