საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
ადვოკატის ჰონორარის ანაზღაურების წესთან დაკავშირებით საქმე №ას-1161-1116-2016
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). 14. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ გასამრჯელოს (ჰონორარის) მიღებაზე გამომდინარეობს სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლებიდან, რაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს ასახავს; 14.1. თავის მხრივ, მოპასუხე (კასატორი) ხანდაზმულობის შესაგებელს არ უპირისპირებს სარჩელს, თუმცა, მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოშობია ჰონორარის მოთხოვნის უფლება და ამ კონტექსტში რამდენიმე საფუძველზე უთითებს: 1. სამი წერილობითი ხელშეკრულებიდან, ერთზე არ არის ორივე მხარის ხელმოწერა და ის მხოლოდ მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად შემუშავებული ერთ-ერთი, თუმცა, ხელმოუწერელი ვარიანტია; ერთ ხელშეკრულებაზე კი არ არის მითითებული თარიღი; 2. იმ დაშვებითაც, რომ წერილობითი ხელშეკრულებები ნამდვილია, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოშობია გასამრჯელოს (ჰონორარის) მოთხოვნის უფლება, რადგან სასამართლომ არასათანადოდ განმარტა ხელშეკრულებათა 2.2.3, 2.2.4, და 2.4.1 პუნქტები, რომლებიც პირობადადებული გარიგებებია და პირობის არ დადგომის გამო, ვადის გასვლით, ხელშეკრულებები შეწყდა, რის გამოც, კლიენტს (მოპასუხეს) არ ეკისრება ადვოკატისათვის (მოსარჩელისათვის) ჰონორარის ანაზღაურება; 14.2. კასატორი დავობს ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის გონივრულობაზე და უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე და, საადვოკატო (იურიდიული მომსახურების) ხელშეკრულებების სასამართლოს მიერ ნამდვილად მიჩნევის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, საკუთარ გაანგარიშებას წარმოადგენს ადვოკატის სასარგებლოდ ჰონორარის დაკისრების შემთხვევაში (იხ.10.1.8 ქვეპუნქტი). 15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 69.1-ე მუხლის საფუძველზე გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით, ხოლო, რადგან განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ მისაღებ ანაზღაურებაზეა საუბარი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო სამართალურთიერთობა საადვოკატო ხელშეკრულებიდან (რომელიც მოცემულ შემთხვევაში ზოგჯერ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებადაც არის მოხსენიებული, ალტერნატივის სახით, რადგან ამჟამად არ არის საადვოკატო და იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების ცნების გამიჯვნის საჭიროება) გამომდინარეობს და ამიტომ, დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების გარდა, “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-19.1 მუხლსაც მოიხმობს, რომელიც არ ადგენს საადვოკატო მომსახურებისათვის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების სავალდებულობას, თუმცა, დასახელებული სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადვოკატს ავალდებულებს, კლიენტს დროულად მიაწოდოს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი (ანუ კლიენტის) საქმის წარმოებასთან. 15.1. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს, რომ მხარეთა შორის სამ შემთხვევაში წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება (მიუხედავად ცალკეული რეკვიზიტის თუ მხარის ხელმოწერის არქონისა), ასევე, ზეპირი შეთანხმებები ადასტურებს ადვოკატ-კლიენტს შორის ურთიერთობას შვიდ სასამართლო საქმეზე, რაც ეჭვქვეშ იმ საფუძვლითაც ვერ დადგება, რომ შვიდივე შემთხვევაში ზეპირი ხელშეკრულებაც რომ ყოფილიყო, საქმის მასალებშია მტკიცებულებები (არაერთი სასამართლო თუ სხვა საპროცესო აქტის /სარჩელი, შესაგებელი/ სახით), რომელთა საფუძველზე უდავოა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე (ადვოკატი) საადვოკატო მომსახურებას უწევდა მოპასუხეს (კლიენტს), ამიტომ ამ უკანასკნელის მტკიცება ხელშეკრულებების არანამდვილობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც იმის მტკიცება, რომ კლიენტს, მხოლოდ დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში უნდა გადაეხადა გასამრჯელო (ჰონორარი) ადვოკატისათვის; 15.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები მართებულად აღნიშნავენ, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე.წ. pro bono ანუ უსასყიდლო მომსახურება (რაც ასევე განსხვავდება, სახელმწიფოს ხარჯზე ცალკეული სეგმენტის პირთათვის გაწეული უფასო იურიდიული დახმარებისაგან) იმ პროფესიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, რომელიც მიღებული და დამკვიდრებულია, როგორც ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების საადვოკატო ბიუროების, ისე - აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა კერძო საადვოკატო პრაქტიკაში და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ პირთა იურიდიულ მომსახურებას მოიცავს, არამედ იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ მხარდაჭერასაც. 16. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ადვოკატი და კლიენტი საადვოკატო მომსახურებაზე, კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო, უწინარესად, იმსჯელებს მხარეთა შორის ხელმოწერილი სამი ხელშეკრულების კონკრეტულ პუნქტებზე, რომლებშიც სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლების საფუძველზე აისახა ადვოკატის სამუშაო და მისი ანაზღაურება, შეაფასებს მხარეთა ნების გამოვლენის გონივრულობას, შეთანხმების მიღწევისას იმ დანაწესის გათვალისწინებით, რომ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის (იხ. მე15 პუნქტი) მოწესრიგებიდან გამომდინარე, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების /რომელიც სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს/ შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება, რაც კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილე კონტაჰენტთა იმთავითვე პრეზუმირებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს (სსკ-ის მე-8.3 მუხლი)
გამოქვეყნდა: 2018-08-02 11:59:42