სიახლეები

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეზღუდულქმედუნარიან პირთან დაკავშირებით

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეზღუდულქმედუნარიან პირთან დაკავშირებით

 ას-1469-1389-2017

საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: ნინო ბაქაქური(თავმჯდომარე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:  არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-1191-1133-2014ას-1234-1175-2014,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა საქმე განიხილეს იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობი (ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები), რაც უზენაეს სასამართლოში გახდა სააპელციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველ

21. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას. 

22. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. 

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების განხილვა თვალსაჩინოს ხდის, რომ რამდენიმე მათგანი პირდაპირ გამომდინარეობს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების პრინციპიდან, მათ შორის, საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობისა და სამართლიანი და საჯარო განხილვის ფუნდამენტური უფლებიდან, და ქმნის იმ შემთხვევას, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმ სასამართლოს, სადაც მოხდა აღნიშნული დარღვევა (იხ. სუსგ №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი)  .

24. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი - ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. 

25. უფლების სასამართლო წესით დაცვა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება). ევროსასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები დაცულია (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231). 

26. სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary [დიდი პალატა], 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120). 

27. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს შორის ერთ-ერთი არსებითი ხასიათისაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ [რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის №1888-რს დადგენილებით, ძალაშია 2014 წლის 12 აპრილიდან], რომლის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა (მუხლი 1), ადგენს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი (მუხლი 12.1). შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში (მუხლი 12.2) და იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის (მუხლი 12.3). მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა (მუხლი 12.5). მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების ეფექტურ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პროცესუალური და ასაკთან შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რომელიც ხელს უწყობს მათ მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტურად განხორციელებას, მათ შორის, მოწმის სახით, იურიდიული პროცედურების ყველა საფეხურზე, გამოძიებისა და საქმეთა წარმოების სხვა საწყისი საფეხურების ჩათვლით (მუხლი 13.1). 

28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული, 2017 წლის 9 იანვარს გაცემული IV-100/ა სამედიცინო დოკუმენტაციით - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ კასატორს დ. ხ-ს (დაბადებული 08.11.1978წ.) მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ბავშვობიდან შეზღუდვით, უვადოდ; დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგიით; ავადმყოფობის მოკლე ანამნეზში მითითებულია შემდეგი: დაბადებულია ტრავმული მშობიარობიდან ასფიქსიაში; ადრეული ზრდა-განვითარება მიმდინარეობდა შეფერხებით; 1991 წლიდან აღრიცხვაზეა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“; ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების გამო სოციალურად დეზადაპტირებულია; ვერ აკონტროლებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს, უკეთია პამპერსი; პერიოდულად ავლენს აუტოაგრესიულ ქმედებებს; დღის მანძილზე სახლშია; მეთვალყურეობს და; დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, არ შეუძლია თვითმომსახურება; მდგომარეობის მიმართ უკრიტიკოა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 125). 

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორ დ. ხ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის მასალებში წარმოდგენილი ცნობა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე წარედგინა, თუმცა სასამართლომ საქმის განხილვა განაგრძო და იმავე სხდომაზე დაასრულა. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ცნობის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასება არ იძლეოდა კასატორ დ. ხ-ის უფლებათა დამცველის ან მხარდამჭერის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის გაგრძელების შესაძლებლობას, რადგან დასახელებული დოკუმენტით ცხადი გახდა, რომ კასატორს ჰქონდა ჯანმრთელობის ისეთი ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები, რომლებიც ხელს უშლიდა მას მოვლენათა სწორად აღქმაში. აღნიშნული დოკუმენტის ობიექტურად შეფასება იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მისი გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებას შესაძლოა ხელი შეეშალა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობაში სხვებთან თანაბარ პირობებში და აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად გაართულებდა პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას. სხვაგვარად რომ ითქვას, სასამართლოს უნდა შექმნოდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კასატორი სათანადო დახმარების გარეშე ვერ დაიცავდა საკუთარ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. 

30. საქმის მასალებით ირკვევა ისიც, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მოპასუხე დ. ხ-ს წარმომადგენელი არ ჰყოლია, მას არ წარუდგენია შესაგებელი და არ გამოცხადებულა სასამართლოს არცერთ სხდომაზე. შესაბამისად, წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია. 

31. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორ დ. ხ-ის მიმართ ეფექტიანად ვერ განხორციელდა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ვინაიდან იგი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აცნობიერებდა მის მიმართ აღძრული სარჩელის სამომავლო შედეგებს, არ ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა თავისი უფლებები ან კანონით გათვალისწინებული ინტერესები, ამასთან, მის მიმართ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, მას არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა მოსარჩელესთან თანაბარი უფლებებით, დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნები, უარეყო ან გაექარწყლებინა მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, განესაზღვრა, თუ რომელი ფაქტები უნდა დადებოდა საფუძვლად მის მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო ეს ფაქტები. 

32. შეჯიბრებითი პროცესის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილის, მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში იმსჯელა და განმარტა, რომ მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, §24; K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება no. 29346/95, §21) (იხ. სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი). 

33. საქმეში ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, §25). იმავე საქმეში ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ „მოთხოვნა, სამართალწარმოების მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და კომენტარი გააკეთონ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებზე, მოქმედებს როგორც პირველ ინსტანციაში, ისე გასაჩივრების დროს, იმის მუხედავად, გასაჩივრების დროს არის თუ არა წარმოდგენილი ახალი მოსაზრებები. ყველა მხარისათვის მოსაზრებების გაცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს საჭიროებიდან, რომ მხარეებს ჰქონდეთ რწმენა მართლმსაჯულების განხორციელებისა და რომ მათ უარი არ ეთქვათ შესაძლებლობაზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (იხ. Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 29) (იხ. სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი). 

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქმე ეხება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის დავას და აღნიშნულ საქმეზე მოპასუხეთათვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგის დადგომის შემთხვევაში კასატორს დ. ხ-ს ჩამოერთმევა სადავო ქონების მფლობელობა, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევისა და სათანადო წარმომადგენლობის არსებობა. 

35. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). 

36. უფლებებისა და თავისუფლებების არსებობისა და ეფექტური რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობას. უფლება ის ლეგიტიმური ინტერესია, რომელიც ამართლებს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირის თავისუფლების შეზღუდვას. ხოლო კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში, უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. „უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). 

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კასატორს დ. ხ-ს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის გამო (ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები) არ შეეძლო ადეკვატურად შეეფასებინა შექმნილი სიტუაცია, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მის წინააღმდეგ მიმდინარე დავის განხილვამ მისი უფლებების ეფექტურად დამცველი წარმომადგენლის გარეშე გამოიწვია მის მიმართ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული ისეთი ფუნდამენტური უფლების დარღვევა, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ვინაიდან კასატორს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ გაეწია სათანადო იურიდიული დახმარება, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორის დ. ხ-ის მიმართ გამოტანილია მისი მონაწილეობის გარეშე, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. გამომდინარე აქედან, საქმე უკან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რა დროსაც ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ხომ არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.